შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი წერს.
„იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი – შეერთებულ შტატებში ან კანადაში.
ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის – ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით“, – წერს სუბარი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.