21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023
21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

შესაბამისი განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში.

დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე.

პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული”, – დაწერა მინისტრმა „ფეისბუქზე“ და მედიით გავრცელებული ინფორმაცია გააზიარა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. დიპლომატის თქმით, დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა.

„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს. დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები