სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, – დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა.
სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს.
აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ამ ქვეყნად არ მთავრდება, არამედ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა.
ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისთვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სპეცოპერაციის დაწყებამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.